Share on Facebook

ჩვენს შესახებ

ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ერთიანი დამოუკიდებელი ინტერნეტ-სივრცე, რომელიც აძლევს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას თვალი ადევნონ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მოღვაწეობას და მიაღწიონ უფრო მეტ ჩართულობას ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ვებ–პორტალის www.ShenMartav.ge საშუალებით მოქალაქეები გაეცნობიან საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოთხი თვითმმართველი ქალაქის (ახალციხე, ბათუმი, გორი, რუსთავი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას, კერძოდ კი:

1) გაეცნობიან საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მონაწილეობას კანონების ინიცირებისა და მიღების პროცესში;

2) გაეცნობიან ახალციხის, ბათუმის, გორის და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მონაწილეობას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მიღების პროცესში;

3) მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის/აჭარის უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრების კენჭისყრაში მონაწილეობის მაჩვენებლის, მათი შრომითი ბიოგრაფიებისა და ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციების შესახებ;

4) მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონების, კანონებში შეტანილი ცვლილებების, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტებს შესახებ;

5) მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, საკრებულოებში მიმდინარე პროექტების და სამოქალაქო ინიციატივების შესახებ;

6) და, რაც მთავარია,
თავად მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის და საკრებულოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების შეფასებაში.

ShenMartav.ge –ს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერმა ადამიანმა წერილობით დაუსვას მისთვის მნიშვნელოვანი კითხვა მის მიერ შერჩეულ საქართველოს პარლამენტის /აჭარის უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრს და მიიღოს მისგან ამომწურავი პასუხი. კითხვა განთავსდება ვებ–პორტალზე და აქვე აისახება საქართველოს პარლამენტის /აჭარის უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრის მიერ გაცემული პასუხები, რათა მომხმარებელმა თავად განსაჯოს, რამდენად ავლენს ესა თუ ის წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე.

ვებ–გვერდი ShenMartav.ge შეიქმნა ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში, რომელსაც 2012 წლიდან ახორციელებდნენ „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ და პარტნიორი ორგანიზაცია –„საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“, რომლის დონორებიც იყვნენ ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის, ნიდერლანდების სამეფო და ფონდი ღია საზოგადოება–საქართველო.

2013 წ. „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მიერ იმავე პროექტის ფარგლებში მოხდა ვებ–გვერდის ShenMartav.ge განახლება.

2015 წ. „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ ოთხ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციასთან– „დემოკრატ მესხთა კავშირი“(სამცხე–ჯავახეთი), „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (აჭარა), „გორის საინფორმაციო ცენტრი“ (შიდა ქართლი), არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" (ქვემო ქართლი), ერთად დაიწყო თვითმმართველი ქალაქების (ახალციხე, ბათუმი, გორი და რუსთვი) მუნიციპალიტეტების საკრებულოების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ და პრესის თავისუფლების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა.

Press Freedom Consortium Kingdom of the Netherlands European Partnership For Democracy